Type a search term to find related articles by LIMS subject matter experts gathered from the most trusted and dynamic collaboration tools in the laboratory informatics industry.
ლოთარ I (დ. 795 — გ. 29 სექტემბერი 855) — საღვთო რომის იმპერატორი 817–855 წლებში, თუმცა 840 წლამდე ის მხოლოდ თანამმართველი იყო მამამისთან ერთად. 815–817 წლებში იყო ბავარიის მეფე, 818–855 წლებში იტალიის, 840–855 წლებში კი ცენტრალური საფრანგეთის ტერიტორიის მმართველი. სახელწოდება ლორენი სწორედ მისი სახელიდან წარმოსდგა. ლოთარი იყო კაროლინგთა იმპერატორ ლუი I ღვთისმოსავის უფროსი ვაჟი.
გარკვეული მიზეზების გამო, ლოთარ I-მა წააქეზა თავისი ძმები პიპინ I აკვიტანიელი და ლუდვიგ II გერმანელი მამის წინააღმდეგ, რომელმაც მათი ნახევარძმა შარლ მელოტი ფრანკთა მიწაზე თანამმართველად გამოაცხადა. მამის სიკვდილის შემდეგ, შარლმა და ლუდვიგმა გააერთიანეს ძალები ლოთარის წინააღმდეგ 3 წლიან სამოქალაქო ომში, რომელიც გაგრძელდა 840 წლიდან 843 წლამდე. ომის შედეგად, ფრანკთა იმპერია ვერდენის ხელშეკრულებით დაიყო 3 ნაწილად. ლოთარს, რომელმაც შეინარჩუნა იმპერატორის ტიტული, ერგო იტალია და რაინისა და რონის გასწვრივ მდებარე მიწების ზოლი. ლუდვიგ გერმანელს - რაინის აღმოსავლეთ მდებარე მიწები (აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფო), ხოლო შარლ მელოტს - რაინის დასავლეთით მდებარე მიწები (დასავლეთ ფრანკთა სამეფო). ფრანკთა სახელმწიფოს გაყოფა ვერდენის ხელშეკრულებით შეესაბამებოდა ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ფრანგი, გერმანელი და იტალიელი ხალხების განსახლების საზღვრებს და მან არსებითად, დასაბამი მისცა სამი დიდი სახელმწიფოს - საფრანგეთის, გერმანიის და იტალიის შექმნას.
|