Knowledge Base Wiki

Search for LIMS content across all our Wiki Knowledge Bases.

Type a search term to find related articles by LIMS subject matter experts gathered from the most trusted and dynamic collaboration tools in the laboratory informatics industry.

ბმულების რედაქტირება
ტრადიციული ცხენწევის გუთანი

გუთანი — სასოფლო-სამეურნეო იარაღი, რომლის დანიშნულებაა ნიადაგის ძირითადი დამუშავება — ხვნა. გუთნით ხვნის ტექნოლოგიური პროცესის ძირითად ამოცანას ნიადაგის გადაბრუნება და გაფხვიერება წარმოადგენს, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია კულტურული მცენარეების ზრდა-განვითარებისათვის.

ისტორია

ძველეგვიპტური გუთანი

გუთანს უხსოვარი დროიდან იცნობს კაცობრიობა. პრიმიტიული გუთანი გამოსახულია ეგვიპტისა და ბაბილონის მხატვრულ ნიმუშებზე. ძვ. წ. II ათასწლეულის გუთანის ტიპის გამოსახულებანი შემორჩენილია ჩრდ. იტალიისა და სამხრ. შვედეთის კლდეებზე. ამავე პერიოდით თარიღდება პოლონეთის ტორფნარებსა და ჩინეთში აღმოჩენილი ხის გუთანი.

უძველესი ხანის გუთანის პრიმიტიულ იარაღებს ამზადებდნენ ხისაგან (მუხა, იფანი, თელა). შემდგომ პერიოდში სახნავი იარაღის წამახულ ბოლოს ლითონის ბუნიკს მოარგებდნენ ხოლმე. ძვ. წ. I ათასწლეულში უკვე ყოფილა რკინის სახნისები. გუთანმა ძალზე დიდი სახეცვლილება განიცადა ახ. წ. II–XII და XVI–XVII სს-ში, როდესაც ძირითადი გამწევი ძალა ხარ-კამეჩი და ცხენი იყო. ცხენწევის გუთანზე პირველი პატენტი 1797 წელს აშშ-ში ჩარლზ ნიუბოლდის სახელზე იქნა გაცემული. შემდგომში გუთნების გამოყენება გაფართოვდა და მსოფლიოს თითქმის ყველა კონტინენტი მოიცვა.

თანამედროვე გუთანი

თანამედროვე გუთნის კლასიფიკაცია ხდება დანიშნულების, წევის ძალის, ტრაქტორთან აგრეგატირების მეთოდის, კონსტრუქციისა და კორპუსების რაოდენობის მიხედვით.

დანიშნულების მიხედვით სატრაქტორო გუთნები იყოფა ორ ჯგუფად: საერთო და სპეციალური. საერთო დანიშნულების გუთნებს იყენებენ მემინდვრეობაში, ძირითადად ნიადაგის დასამუშავებლად; სპეციალური დანიშნულების გებს კი — ქვიანი ნიადაგის, ჯაგ- ჭაობის, საპლანტაჟო (ყამირი და ნასვენი მიწების), ბაღის, ვენახის (მწკრივთაშორისებში სამუშაოთა კომპლექსის ჩასატარებლად), იარუსიანი ხვნისათვის და ა. შ.

წევისძალის მიხედვით არის: ცხენის, სატრაქტორო და ბაგირული გუთნები. ცხენწევის გუთნებს იყენებენ ვიწრო კვლების მქონე ნაკვეთებში, სადაც შეუძლებელია სატრაქტორო გუთნების გამოყენება; სატრაქტორო გუთნები წარმოადგენს ნიადაგის ძირითადი დამუშავების იარაღს; ბაგირული წევის გუთნებს იყენებენ იქ, სადაც სატრაქტორო გუთნების მუშაობა გაძნელებულია (მაგ., მთაში და ჭაობიან ნიადაგზე). ტრაქტორთან აგრეგატირების მეთოდის მიხედვით გები იყოფა საკიდ, ნახევრად საკიდ და მისაბმელ გუთნებად.

კორპუსის კონსტრუქციის მიხედვით არჩევენ სახნისიან, დისკოებიან, კომბინირებულ, როტაციულ და ღრმად მაფხვიერებელ გუთნებს. კორპუსების რაოდენობის მიხედვით კი — ერთკორპუსიან და მრავალკორპუსიან გუთნებს.

გუთნის მუშა ნაწილებია: საკვეთელი წინმხვნელი, კორპუსი (ტანი), რომელიც, თავის მხრივ, შედგება დგარაზე მალულთავიანი ჭანჭიკების მეშვეობით დამაგრებული სახნისისაგან, ფრთისა და ველის ფიცრისაგან. კორპუსი დგარას საშუალებით დამაგრებულია ჩარჩოზე. საკვეთლის დანიშნულებაა ბელტის მოჭრა ვერტიკალურ სიბრტყეში, ხოლო სახნისისა — ბელტის მოჭრა ჰორიზონტალურ სიბრტყეში და მისი გამოყოფა მასივიდან. გუთნის ფრთა თავისი ზედაპირით იღებს სახნისისა და საკვეთლის მიერ მოჭრილ ბელტს, ნაწილობრივ აფხვიერებს და აბრუნებს მას ღია კვალში.

სახნისი და ფრთა შეადგენს გუთნის ტანის სამუშაო ზედაპირს, რომელიც თანამედროვე გუთანში ოთხი ტიპისაა: ცილინდრული, კულტურული, ნახევრად ხრახნული და ხრახნული. წინმხვნელის დანიშნულებაა ხვნის სიღრმის ნახევარზე და კორპუსის მოდების განის 2/3-ზე მოჭრას მცირე ზომის ბელტი, გადაისროლოს იგი ხნულის ფსკერზე, რომელსაც ზევიდან დაეფარება ძირითადი კორპუსის მიერ მოჭრილი ბელტი, რაც მცენარეული ნარჩენების ღრმად ჩახვნის ოპერაციას წარმოადგენს.

წინმხვნელიანი გუთნებით ხვნას კულტურული ხვნა ეწოდება. წინმხვნელის სამუშაო ზედაპირი არის ცილინდრული. თანამედროვე გუთნებიდან გამოირჩევა მრავალკორპუსიანი საბრუნი გუთნები, რომელთა დანიშნულებაა ნიადაგის გლუვი ხვნა. ასეთივე სახის ხვნა ხდება ფრონტალური, მაქოსებრი საბაგირო წევის ბალანსირებული გუთნებით. ჩარჩოს კონსტრუქციის მიხედვით გვხვდება მუდმივი და ცვალებადი მოდების განის გუთნები. ეს უკანასკნელი აღჭურვილია სახსრული ჩარჩოთი და მოდების განის ცვალებადობის მექანიზმით. საქართველოს ზოგიერთ მაღალმთიან სოფლებში შემორჩენილია და იყენებენ ძველ სახნისებიან გუთნებს.

საქართველო

დასავლეთ საქართველოში არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოაჩინეს მარტივი ტიპის ხის სახვნელი იარაღი, რომელიც ძვ. წ. II ათასწლეულით თარიღდება. ასევე, აღმოსავლეთ საქართველოში არმაზის გათხრებისას აღმოჩნდა ქვის ფილა, რომელზეც გამოსახულია გამწევძალიანი გუთანი. ივ. ჯავახიშვილის აზრით, ლითონის სახნისს საქართველოში ძვ. წ. პირველ ათასწლეულში იცნობდნენ. მოგვიანებით ჩნდება დიდი ქართული ფამფალიკიანი გუთანი. ეთნოგრაფიული ექსპედიციების შედეგად აღმოჩენილია საქართველოს ყველა კუთხის – რაჭული, მეგრული, სვანური, გურული, იმერული, კახური, მესხური, ფშავური, ხევსურული გუთნები თავისი დამახასიათებელი ელემენტებით.

საქართველოში თანამედროვე გუთნის წინაპარი XIX ს-ის მეორე ნახევრიდან გაჩნდა. ი. ჭავჭავაძის ძალისხმევით შემოტანილი იქნა „ანგლოგლობალური" ჰოვარდის ტიპის გუთანი, რომლის გამწევი ძალა სამი უღელი ხარ-კამეჩი ყოფილა.

ქართული გუთანი

სულხან-საბა ორბელიანი განმარტავს შემდეგნაირად:

ვიკიციტატა
„გუთანი სომხურია, ქართულად ერქვანი ეწოდების. უკეთუ უმცირე მისსა ჴარნი ებნეს და ერქვანსა არცა საკვეთელი ჰქონდეს და არცა ფიცარი ფრთად, მას ჯილღა ეწოდების და ყევარის ჴარისა საჴვნელსა — არონა და უღლეულის ჴარისასა — ოქონა[1].“

ქართული გუთანი მძიმეა, კვალიც დიდი და ღრმა აქვს და ხარებს მძიმედ აზიდებს.

ფშაური გუთანი

ფშაური გუთანი

ფშავში მიწის დამუშავებას მარტის გასვლისას იწყებენ. მიწას ხნავენ ხის გუთნით, რომელშიც შებმულია ერთი უღელი ხარი. გუთანს წინ უძღვის მეხრე, გუთანს მართავს გუთნისდედა.

ხევსურული სახვნიელი

ხევსურული სახვნიელი

ხევსურები მიწას ხნავენ უბრალო ხის საჴვნიელით, რომელშიც შებმულია ერთი უღელი ხარი. საჴვნიელს აქვს საჴნისაკვეთელი და ხნავს არაუღრმეს 10 სმ-სა. საჴვნიელს ხევსური ოსტატები ამზადებენ.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • ს. მაკალათია, „ხევსურეთი“, თბ., 1984, გვ. 58
  • ს. მაკალათია, „ფშავი“, თბ., 1985, გვ. 42
  • ს. მაკალათია, „მთიულეთი“, თბ., 1930, გვ. 43

სქოლიო

  1. სულხან-საბა ორბელიანი, „ლექსიკონი ქართული“, ტ. 1, თბ., 1991, გვ. 175